ქართული თეატრის ენციკლოპედია  

    „ქართული თეატრის დღე“-ს საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 14 იანვარს, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
    „1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით, მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღეს №1 სკოლის) შენობაში, დადგა პირველი სპექტაკლი - „გაყრა“. იგი თავად იყო, პიესის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთ (სომეხი ვაჭრის) როლსაც ასრულებდა“ - განმარტავს პროფესორი ვასილ კიკნაძე.
    ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.
    ქართული სასცენო ხელოვნების ახალი ნაყოფიერი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. 1881 წლის 18 იანვარს დაფუძნდა დრამატული საზოგადოება (შემდგომში - თეატრალური საზოგადოება) საზოგადოების წევრთა პირველ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი წერეთელი. 1945 წლის 9 აგვისტოს საქრთველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა "საქართველოს თეატრალური საზოგადოება". იმავე წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მოწვეული იქნა საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ხორავა, ხოლო მოადგილედ შალვა დადიანი. სხვადასხვა დროს "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარეები იყვნენ - აკაკი ხორავა (1945-1948, 1959-1960), შალვა დადიანი (1948-1959), მიხეილ მრევლიშვილი (1960-1963), დოდო ანთაძე (1963-1977), დოდო ალექსიძე (1977 – 1985), გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე (1985-2010), 2010 წლიდან საზოგადოების თავმჯდომარეა გიორგი (გოგი) ქავთარაძე.
    საიტზე „ქართული თეატრის ენციკლოპედია“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში გახსნილი თეატრები, შემოქმედებითი ჯგუფები, ქართული და უცხოური დრამატურგების ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები. ბაზას დაემატება თეატრების, სპექტაკლების და თეატრში მოღვაწე ხელოვნების მუშაკთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები.
    საიტის შექმნაში გაწეული მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს !

P. S.
სამომავლოდ გათვალისწინებულია საიტს დაემატოს ინფორმაცია თეატრმცოდნეთა შესახებ და გაიხსნას კრიტიკოსთა სპეციალური გვერდი, მხოლოდ მას შემდეგ როცა ბაზაში გვექნება შეტანილი ინფორმაცია საქართველოში გახსნილი ყველა თეატრისა და მათში დადგმული სპექტაკლების რაოდენობის არა ნაკლებ 80-90%-ისა.