Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/geotheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“
„თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“

„თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“


14-08-2018, 16:15

ბოლო დროს წესად იქცა უცხოელი რეჟისორების მოწვევა ქართულ თეატრში. ეს გზა  ახალი ხედვის და მუშაობის მრავალფეროვანი მეთოდების შემოტანის მცდელობაა, თეატრალურ პროცესებზე ფართო დაკვირვების შესაძლებლობაც, ქართული და უცხოური პრაქტიკების, თეატრალური გამოცდილების, მათი სიმბიოზის თუ გადაკვეთის წერტილების გაცვლის და შედარების საშუალებაც.   მსგავსი ინტერკულტურული გარემოს განვითარებას საერთაშორისო ფესტივალები უწყობს ხელს. ფაქტია, რომ ყოველ ფესტივალს სხვადასხვა თეატრში დადგმული ახალი სპექტაკლი და ახალი შემოქმედებითი ურთიერთობები მოყვება.  ეს წერილიც ასეთივე შემთხვევას ეხება: ფოთის რეგიონული თეატრალური ფესტივალის მონაწილე ბელორუსი რეჟისორი ანდრეი საუჩანკა  მესხეთის (ახალციხის) თეატრმა მიიწვია და შედეგად 2018 წლის ივნისში, მესხეთში პრემიერა გაიმართა. წარმოადგინეს თანამედროვე ბელორუსი დრამატურგის დმიტრი ბოგოსლავსკის პიესა „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“.  ერთმოქმედებიანი დრამა ტრადიციული ყოფითი რეალიზმის ფორმით მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების გაუცხოების, ნიჰილიზმის, მარტოობის პრობლემაზე, ურთიერთობების კრიზისზე და გარემოზე სადაც ცივი ზამთარი და ლომით სამტვრევი ყინულია. მშობლების უცხოეთში გამგზავრების შემდეგ უნარშეზღუდულ ბაბუასთან მარტო დარჩენილი ანტონი დეპრესიისგან უბნის მეეზოვესთან შემთხვევით ნაცნობობას გამოჰყავს. ერთი შეხედვით რეალისტურ დრამაში დრამატურგი იყენებს მეტაფორებს, სიმბოლურ ენას, რომელიც გარემოს  და პერსონაჟების ხასიათებს აღწერს. პიესის ამ მახასიათებელს კიდევ უფრო ამძაფრებს რეჟისორი ანდრეი საუჩანკა, როდესაც სპექტაკლში შემოჰყავს ახალი პერსონაჟი, ყინულის გოგონა. ის ცნობილი ზღაპრის გმირის, ყინულის დედოფლის ალუზიას ქმნის და ამით აფართოებს, ამსხვრევს რეალიზმის  ჩარჩოებს.    რეალიზმის, რომლიდან გაქცევა პიესის თითოეული გმირის მისწრაფებაა და რომელსაც რეჟისორი სპექტაკლის მკაფიო მხატვრული გადაწყვეტით გადაულახავ და არარელევანტურ ამოცანად მიიჩნევს. ეს მხატვრული გადაწყვეტა სცენოგრაფიის კონცეფციაში ვლინდება.  ანდრეი საუჩანკა მაყურებელს მბრუნავი სცენის შუაგულში სვამს, მოქმედების მანძილზე სცენა ბრუნვას იწყებს და მაყურებლის თვალწინ იცვლება მოქმედების ადგილიც, სცენის მოძრაობა ჩვენს თვალწინ შლის მინიმალისტური დეკორაციით შექმნილ სასცენო პანორამას, ქმნის ადამიანური არსებობის ღრმა სევდით გაჯერებულ ატმოსფეროს, რომელიც  ტორშერით განათებული უძრავი მოხუცის უსიტყვო პროტესტში,    აგურით ნაშენები ყრუ კედლის საზღვრებში, მშობლებისგან გაუცხოებული ახალგაზრდების   დაბნეულობაში ვითარდება და იკიდებს ფეხს.   მოძრავი სცენით სიმბოლურად ვუერთდებით  მარადიულ წრებრუნვას, რომელიც ამბივალენტურ კატეგორიებს შორის გადებულ ხიდს გავს და გვკარნახობს ვიცხოვროთ არა მომავლის ან წარსულის დროით, ბედნიერების ან უბედურების მოლოდინით, არამედ ვიცხოვროთ მათ მაკავშირებელ საზღვარზე. ვიყოთ რეალისტები, აღმოვაჩინოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი სურვილი, ოცნება და ამ ოცნებაში დაბადებული გრძნობა.

„ეს სპექტაკლი არის მათთვის ვინც გრძნობს“ - ამბობს რეჟისორი სპექტაკლის წინასიტყვაობაში. ამ გზავნილით, თავიდანვე ცხადი ხდება სცენაზე განვითარებული ამბის და მისი ძირითადი კონფლიქტის არსი, მისი მიზეზ-შედეგობრიობა. პიესა და შესაბამისად სპექტაკლი გვაჩვენებს თანამედროვე ოჯახის მოდელს და მისი წევრების შინაგან მდგომარეობას. აქ მომხდარი დაპირისპირება სცდება მარტივი კატეგორიების საზღვრებს,  ცუდ და კეთილ ადამიანებად დაყოფის ცდუნებას. პიესის კონფლიქტი ადამიანებს შორის კი არა, ადამიანების შინაგან სამყაროში ვითარდება. ნაწარმოებით შექმნილი მშობლის, ან შვილის ხატი სწორხაზოვანი განსაზღვრებების გარეშე მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების შინაგან კრიზისზე. ამიტომაც ანტონის მამის ისტერიული სატელეფონო კონტაქტი შვილთან, მასთან კომუნიკაციის მცდელობა, მოვალეობის შესრულების აქტი კი არ არის, არამედ თანამედროვე ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმაა, რომელიც ხშირად შეუთავსებელია ადამიანური მგრძნობელობისათვის. „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“სპექტაკლიც სწორედ ამ შეუთავსებლობაზე გველაპარაკება. ანტონის მამა (რაულ ბარბაქაძე) სცენაზე მსხდომ მაყურებელს შორის დადის და მისი ამგვარი არსებობა სატელეფონო კონტაქტით მოწოდებული მხოლოდ შორეული და უიმედო ხმაა.  დედა კი საერთოდ არ არსებობს, მისი მხოლოდ იდეაღა შემორჩა, რომელზეც ჯერ კიდევ ლაპარაკობენ. ხოლო ბაბუამ (იური სუდაძე) თავად გადაწყვიტა ხმა აღარ ამოიღოს. ეს მისი პროტესტია, უძღები შვილის მიმართ, ვინც დედის უკანასკნელი სურვილი არაფრად ჩააგდო. სპექტაკლში კიდევ ერთი უტყვი პესრონაჟი, ყინულის გოგონაც (ანი ხუბუტია) იდეაა, ქიმერა, რომელიც თავის თავში აერთიანებს სიყვარულის და უსიყვარულობის თანაბარ შანსებს. სპექტაკლი მთლიანად გაჯერებულია ამ შანსების წონასწორობის შეგრძნებით. თითქოს ავტორი გვაჯერებს, რომ სამყაროს არა აქვს წინასწარ განძრახულობა ჩვენს მიმართ, რითაც სიმძიმის ცენტრი ჩვენივე დამოკიდებულებებზე და ხედვის რაკურსზე გადმოდის. ვტრიალებთ სცენასთან ერთად და ვუყურებთ ორი ადამიანის ანტონისა (ბაქარ ალავიძე) და ვასოს (მანუჩარ გოგოლაური) დიალოგს. მთელი მოქმედება ამ ორი ადამიანის ურთიერთობებზე გადის. იწყება მათი გაცნობით და მთავრდება განშორებით, რომელსაც ვასოს ავადმყოფობა იწვევს. ორივე გმირის ცხოვრება კრიზისულ ფაზაშია ნაჩვენები. ანტონის კრიზისი სამყაროსთან დაპირისპირებული მოზარდის კრიზისია, სუიციდური მიდრეკილებებით. ხოლო ვასოს კრიზისი პიროვნულია, საკუთარი თავისკენ მიმართული პროვოკაციული ნეგატივით, უკმაყოფილებით, მეტი მოთხოვნით და ნაკლები რეალიზებით. ვასო მეეზოვეა. მისი სოციალური მდგომარეობა, ყოფიერება ცნობიერებასთან მუდმივ დაპირისპირებაში, მისი განსაზღვრის მცდელობაშია. ვასო მუდმივად ცდილობს საკუთარ პრობლემებზე მაღლა დადგეს. ამის საუკეთესო საშუალება სხვებზე ზრუნვა და სხვების დახმარებაა. სწორედ ამიტომ ვასოს მზრუნველობა ანტონის მიმართ პირველ რიგში ვასოსთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მანუჩარ გოგოლაურის ვასო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მეეზოვეა. მოქმედების მსვლელობის დროს მსახიობი ახერხებს ორდინალური მეეზოვის  მიღმა ცხოვრებისეული გამოცდილებით და პასუხისმგებლობით    სავსე, მგრძნობიარე პიროვნების გახსნას.  სპექტაკლის ფინალში პერსონაჟის დაავადება და ამ დაავადებასთან მისი ურთიერთობა პირობითი გამომსახველობითი ხერხებით არის ნაჩვენები, თითქოს ვასო მეტაფიზიკურ სივრცეს ეხება,  ემზადება ტრანსფორმაციისათვის, ემზადება დღისთვის რომელიც პირადად მისთვის არ დადგება. იხედება სივრცეში, სწორედ ამ არ დამდგარი დღის მიღმა და ძალიან ნელი მოძრაობით გადაადგილდება მასში. ანტონი მარტო რჩება, მაგრამ ის უკვე ზრდასრული ადამიანია,  გათავისუფლებული გაუცნობიერებელი შფოთისგან, გარესამყაროს მიმართ არსებული პროტესტის და უკმაყოფილებისგან. მშობლების დადანაშაულებისაგან. ბაბუას უმწეობის და სიბერის მიმართ შიშისგან. ანტონი ივსება თავისუფალი ადამიანისთვის დამახასიათებელი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით. პასუხისმგებლობით დღევანდელი დღის წინაშე, რომელშიც უნდა გამოავლინო საკუთარი თავი, მიაღწიო მიზანს, გაიტანო ბურთი. ანტონის მონოლოგი იმედით და სასიცოცხლო ძალებით არის სავსე, მიგნებული ლოგიკა მარტივია: „თუ ხვალ არ იქნება, მაშინ უნდა გაიტანო დღეს!“  ბაქარ ალავიძე თავქარიანი და ამავდროულად სევდიანი ახალგაზრდა კაცის სახეს ქმნის. მისი ემოციური შესრულების მანერა სრულად ვერ გამოხატავს პერსონაჟის რთულ ფსიქოლოგიურ გარდატეხას, თუმცა ყოველ მიზანსცენაში იგრძნობა როლის გააზრება  და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ.       პროფესიის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება მთლიანად მესხეთის, ახალციხის თეატრის შემთხვევაშიც ჩანს, მიუხედავად შეზღუდული რესურსისა ეს თეატრი ახერხებს საინტერესო შემოქმედებითი პროცესის წარმართვას, ეძებს და იყენებს ახალ შესაძლებლობებს. მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. იზიდავს შემოქმედებით პოტენციალს. ანდრეი საუჩანკასთან კოლაბორაციაც თეატრის საერთო პოლიტიკის ნაწილია და უცხოელ რეჟისორთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს ქმნის. გვიჩნდება მოლოდინი  ხვალინდელი დღის მიმართ, რომელიც აუცილებლად დადგება და იგივე რეჟისორის ახალ პრემიერებს არაერთ სხვა თეატრშიც ვნახავთ.                           


უკან დაბრუნება