Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/geotheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ასტიგმატისტები
ასტიგმატისტები

ასტიგმატისტები


22-09-2018, 23:23

ასტიგმატიზმი გაგვიგია (მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკი), მაგრამ ვინც თანდაყოლილ თუ შეძინილ ამ მანკს ატარებს, მათ ასტიგმატისტებს არ უწოდებენ. ეს ტერმინი მოძრაობის თეატრის რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ შეთხზა, ისე როგორც მუნჯი კინოს ფორმით და ენით დადგმული სპექტაკლის სიუჟეტი.

მოძრაობის თეატრმა ახალი სათეატრო სეზონი პრემიერით „ასტიგმასტისტები“ გახსნა. ლიბრეტოს და სპექტაკლის ავტორი სოსო ბაკურაძეა, რომელიც როგორც ხელოვანი, გამოირჩევა მაძიებლური თვისებით, ის გამუდმებით ეძებს არა მხოლოდ ახალ თემებს, არამედ ფორმებს. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში შეხვდებით ვერბალურ და არავერბალურ სპექტაკლებს, საცირკო და მოძრაობის თეატრის ელემენტებით გაჯერებულ დრამატულ წარმოდგენებს, კლასიკურსაც და არაორდინალურსაც. ამჯერად, იოსებ ბაკურაძემ მაყურებელი მისთვის (და სხვათა შორის ქართული თეატრისთვის) ახალი ფორმის სპექტაკლზე მიიწვია. მორიგი ექსპერმენტი, რომელიც რეჟისორმა თეატრში, მუნჯი კინოს სამყაროში აწარმოა, ვფიქრობ, წარმატებულია, ვინაიდან სპექტაკლის ავტორმა შექმნა წარმოდგენა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მსოფლმეხდველობის... მაყურებელს, ვინაიდან ამბავი, რომელსაც რეჟისორი მსახიობებთან ერთად თხზავს, ჩვენ თუ არა, მეზობელს, მეგობარს, ახლობელს ან ნათესავს ნამდვილად გადახდენია თავს. გმირები, რომელიც მუნჯი კინოს ენით, გაითამაშებენ ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ჩვენი თანამედროვეები არიან, თუმცა სპექტაკლში არ არის დაკონკრეტებული არც დრო და არც მოქმედების ადგილი, პერსონაჟები, რომლებსაც მოძრაობის თეატრის სივრცეში ვუცქერთ, ჩვენი თანამედროვე საზოგადოების წევრები არიან, ისე როგორც ჩვენ იმოჯახის წევრები, რომელიც სცენაზე ცოცხლდება.

 

სპექტაკლში მოქმედება ერთ პატარა, მაგრამ მრავალრიცხოვან ოჯახში ვითარდება, ისინი განსხვავებული ასაკის, ინტერესების და მისწრაფებების ადამიანები არიან, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ასტიგმატიზმი. ისინი უსათვალოდ განსხვავებულად ხედავენ, მაგრამ სათვალის დახმარებით ჩვეულებრივ პერსონაჟებად იქცევიან და ჩვენს ან ჩვენს გარშემომყოფთა პროტოტიპებს ქმნიან. ამ სპექტაკლში არ არის მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, მათ ყველას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ, მათ შორის, ბაბუას (მიხეილ ზაქაიძე), რომელიც ტრადიციების ერთგული ოჯახის თავია (მხოლოდ პირობითად, ისე როგორც ჩვენს რეალობაში). ახალგაზრდა მსახიობი სიტვყის გარეშე, მხოლოდ პლასტიკითა (მისი პლასტიკა სხვა სპექტაკლებშიც გამორჩეულია) და მიმიკით ქმნის ჭირვეული, მაგრამ კეთილი მოხუცის მხატვრულ სახეს.


პლასტიკა და მიმიკა ამ სპექტაკლში ერთადერთი ხერხია, რომლითაც ახალგაზრდა მსახიობები თავიანთ პერსონაჟებს ხატავენ. საშუალო ასაკის ცოლ-ქმრის მხატვრულ სახეებს ანა თალაკვაძე და ლექსო ჩემია ქმნიან. ისინი შეხმატკბილებული წყვილია, მათ უყვართ და ბედნიერებიც არიან, თუმცა განმარტოვება და ერთმანეთის მოსიყვარულება უჭირთ, ვინაიდან პატარა სახლში ცხოვრობენ და თითქმის არასდროს არიან მარტო. მსახიობები ისეთ გმირებს ხატავენ, რომელთაც გარშემო ფაქტორები ხელს უშლის იმ სურვილების განხორციელებაში, რაც მათ სპონტანურად ებადებათ (ისე როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში და ცოლ-ქმრის ურთიერთობაში). ოჯახის ერთადერთ ქალიშვილს, რომელსაც მსახიობი მარიამ ბახალაძე განასახიერებს, თავისი ფიქრები და ოცნებები აქვს, განსაკუთრებულად უყვარს ტკბილეული და ფოსტალიონი ბიჭი, რომელთანაც ღია შეხვედრას ოჯახის წევრების შიშით ვერ ბედავს. ესეც ერთ-ერთი პასაჟი ჩვენი რეალური ცხოვრებიდან. უჩა მჟავიას პერსონაჟი კი ცდილობს მისი შეყვარებულის ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებას, რასაც წარმატებით აღწევს კიდეც, ხანაც შანტაჟით, ხანაც ლმობიერად. საბოლოოდ, ამ მუნჯ კინოში ყველა ბედნიერია, რომელთა განწყობაც მაყურებელსაც გადაედება და გულიანად გააცინებს.

იოსებ ბაკურაძე მუნჯი კინოს პრინციპებით (ეკრანზე რამდენიმე მინიშნება გვხდება, როგორც მუნჯ კინოში, თუმცა სპექტაკლ-ფილმში ისედაც ყველაფერი გასაგებია) ოსტატურად ხატავს ოჯახის წევრთა ურთიერთობებს ყოველგვარი ფსიქოლოგიური სიღრმეებისა და შრეების გარეშე, რითაც ის სპექტაკლის ბოლომდე იცავს მის მიერ შერჩეული თამაშის ხერხს და წარმოდგენის ჟანრს. სპექტაკლი ეტიუდების პრინციპზეა აგებული და მთლიანობაში ერთი ოჯახის ისტორიას ქმნის თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. საინტერესოდ ხატავს რეჟისორი ბაბუასა შვილიშვილის, რძლისა და მამამთილის, სიძისა და სიმამრის, მამა-შვილის ურთიერთობებს. ამ ეპიზოდებით ჩვენ, მაყურებელს გვექმნება ზოგადი სურათი მათი წარსული ურთიერთობების შესახებაც. ისინი მიამიტები და კომიკური პერსონაჟები არიან.

სოსო ბაკურაძე იუმორით და გროტესკით ხატავს ამ ერთი შეხედვით უცნაური და არაორდინალური ოჯახის ისტორიას, თუმცა ისინიც ჩვეულებრივი, ჩვენი პროტოტიპები არიან. რეჟისორი არა მხოლოდ მუნჯი კინოს, არამედ საცირკო და მოძრაობის თეატრის ელემენტებსაც იყენებს, თუმცა არ არღვევს მიგნებულ ფორმას და მკაცრად იცავს ჟანრის საზღვარს.

სპექტაკლში მთავარი კონფლიქტი ქალიშვილის გათხოვებას უკავშირდება. სპექტაკლის ავტორები გვიხატავენ ჩვენს რეალობას, როგორ რთულად ეგუება ოჯახი, განსაკუთრებით ქალიშვილის მამა გათხოვების საკითხს და რეჟისორი გროტესკით მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რაც გარდაუვალია და აუცილებელი, როგორ ფორმალურად ვაპროტესტებთ ჩვენ. (სიძისა და სიმამრის შერიგების სცენა ამ პრობლემას კარგად ავლენს).

სპექტაკლს ბედნიერი დასასრული და ფორმა აქვს. ე.წ. „პაკლოზე“ მაყურებელსა და მსახიობებს შორის პირდაპირი ინტერაქტივი შედგება. ყვავილების კონებს ჯერ პარტერში ისვრიან მსახიობები, შემდეგ კი მაყურებელი, მოძრაობის თეატრში სასიამოვნო საღამოს გატარებისთვის მადლობის ნიშნად, უკან უბრუნებს მსახიობებს.

ასტიგმატისტები - ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ისინი ისე ხედავენ, როგორც სხვები, მათაც ისევე უყვართ და აქვთ ოცნებები როგორც ჩვენ. იმედია ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც, ისე როგორც სპექტაკლში, იმ პრობლემებს დავძლევთ, რაზეც რეჟისორი მოგვითხრობს და ისე იუმორით შევხედავთ საკუთარ თავს, როგორც ჩვენ ვუცქერით ამ პერსონაჟებს, ვინაიდან თვითიორნია ყველაზე ჯანსაღი და პროგრესული თვისებაა, რომელიც ადამიანს გააჩნია. იოსებ ბაკურაძე კი სწორედ თვითირონიულ რეჟისორად გვევლინება.


უკან დაბრუნება