Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/geotheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ბროდსკი/ბარიშნიკოვი
ბროდსკი/ბარიშნიკოვი

ბროდსკი/ბარიშნიკოვი


16-10-2018, 12:42

– სახელწოდებაშივე დაბადებული ასოციაციები, რომელსაც კონკრეტული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. და, რა არის ის ასოციაცია, რომელიც ამ ორ სახელ-გვარს უკავშირდება, ან საერთოდ როგორ და რატომ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს?
პირველ რიგში ეს არის საუკუნის საუკეთესო პოეტი და ჩვენი დროის ცოცხალი ლეგენდა, მოცეკვავე და მსახიობი. თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გააზრებული აქვს (რამდენააც შეუძლია მას რაიმე გაიაზროს) მათი შემოქმედების მნიშვნელობა, რაც მკითხველ/მაყურებლის დიდი სიყვარულითაც დასტურდება.

ასევე სრულიად გასაგებია, რატომ აირჩია ლატვიელმა თეატრისა რეჟისორმა, ალვის ჰერმანესმა წარმოდგენის სახელწოდებად „ბროდსკი ბარიშნიკოვი“, გასაგებია, მაშინაც კი, თუ არ ვიცით იმ მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ, რაც ორ ხელოვანს აკავშირდებდა.

ამ შემთხვევაში, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ბროდსკის პოეზიის ლიტერატურული ანალიზი ან მიხეილ ბარიშნიკოვის საბალეტო დადგმების, მისი პროფესიული ოსტატობის განხილვა.

ვერც სათეატრო ტექსტისთვის დამახასიეთებელი სტრუქტურით ვერ აღვწერთ წარმოდგენას, რადგან ის თვისობრივად არ არის კლასიკური, ან არაკლასიკური, თუნდაც პერფორმატული, ან ვთქვათ იმპროვიზაციაზე აგებული წარმოდგენა.

ვერც, როგორც მონოდრამას ვერ მივუდგებით, რადგან ეს არ არის ერთი მსახიობის წარმოდგენა, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს და როგორც წარმოდგენის მსვლელობისას ხდება ცხადი, რადგან მიხეილ ბარიშნიკოვთან ერთად, იოსიბ ბროდსკიც მონაწილეობს ამ წარმოდგენაში. მეტიც, საკითხავია, რომელი უფრო მეტად მონაწილეობს, ცოცხალი და ჩვენს თვალწინ არსებული მსახიობი თუ ის ხმა რომელიც, პერიოდულად ირთვება. ხმა – რომელიც პოეტს ეკუთვნის და საკუთარ ტექსტებს კითხულობს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენა აგებულია იმ მასალით, რომლითაც სპექტაკლი „შენდება“, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ის არ იყოს კლასიკური გაგებით სპექტაკლი, სადაც გვაქვს კვანძის შეკვრა, გახსნა, ფინალი, სათეატრო ტექსტი, მუსიკალური გაფორმება, მხატვრობა, სცენოგრაფია.

სცენოგრაფია (სცენოგრაფი კრისტინე იურიანე) მაღალი, მინებიანი, ნაცრისფერი სახლია, რომლის წინაც გრძელი, დაბალი სკამები დგას. წარმოდგენა ამ სივრცეში კოსტუმში გამოწყობილი მსახიობის შემოსვლით იწყება. იგი ჯდება სკამზე და იწყებს ტექსტების კითხვას, ხოლო, როგორც აღვნიშნე პერიოდულად ირთვება პოეტის ხმის აუდიოჩანაწერი. და ყოველთვის, როცა ეს ხდება, მსახიობი ახდნენს ტექსტის ვიზუალიზაციას, სხეულის პლასტიკის გამოყენებით.

რაში დასჭირდა ეს რეჟისორს? მიმაჩნია, რომ ტექსტი თავად არის აბსოლუტურად თვითკმარი, სრულყოფადი და მკითხველის წარმოსახვის, აღქმის და ფანტაზიის გახსნა თავად შეუძლია. ასევე , უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენა სარეჟისორო კუთხით საკმაოდ მწირია. თუ შემოქმედებით ჯგუფს აქვს იმის, (ამ შემთხვევაში სრულიად ადეკვატური პრეტენზია რომ ტექსტი ქმედებაში, მოძრაობაში გააცოცხლოს), ამისთვის მხოლოდ შესანიშნავი მოცეკვავე არ არის საკმარისი.

არის კიდევ მეორე საკითხი, რამდენად არის ეს საერთოდ შესაძლებელი. არა, შესაძლებელი არის, მაგრამ რას გვაძლევს ისეთს, რასაც თავად ტექსტი ვერ მოგვცემდა. და რას ვიღებთ ამ შემთხვევაში იმდენად ემოციურს, სანახაობრივს, აღმაფრთოვანებელს, რომ ეს (პლასტიკის ენაზე თარგმნა) მოვახდინოთ?.

სპექტაკლში გამოყენებულია კომპოზიტორ ჯიმი უილსონის მელოდია „კალიების ღვთაებრივი ქორო“. კომპოზიტორმა საკუთარ ეზოში ჩაწერა კალიების ხმა და შემდგომი სამუშაო უკვე სტუდიაში განაგრძო. ჭრიჭინების ქორო წარმოდგენაში პერიოდულად ჟღერსს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამოვარდნილია იმ ფაქტურიდან და განწყობიდან, რომელსაც ტექსტი ქმნის.

მთლიანობაში წარმოდგენა და მისი ცალკეული ელემენტები არ ერთიანდებიან საერთო ესთეტიურ ან მხატვრულ მთლიანობაში. დაჩეხილია და ცალ-ცალკე თანაასებობენ. მაგალითად : პოეტის ხმით წაკითხული ტექსტი სხვა განწყობას ქმნის, მსახიობის მიერ გაჟღერებული სხვას, მუსიკალური კომპოზიცია და ტექსტი არ ეხმიანებიან ერთმანეთს.

ბროდსკი/ბარიშნიკოვი

სტილი, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა როგორც აღვნიშნე ატარებს სპექტაკლის ელემენტებს, მაგრამ არ არის ტრადიციული გაგებით სპექტაკლი, და ის რომ ეს ასე არ არის, არც კარგია და არც ცუდი – ფაქტია. არც პერფომატიული ხასიათის არაა(როგორც უკვე აღვნიშნე), და არც პოეზიის საღამო, რომელზეც მუსიკის ფონზე, ტექსტებს კითხულობენ. მთლიანობაში წარმოდგენამ ბევრი კითხვა დამიტოვა, აქ არ ვგულისხმობ იმ ზოგადსაკაცობრიო ან ინდივიდუალურ საკითხებზე კითხვებს, რომელიც პოეტის ტექსტების გაცნობის შედეგად იბადება.


თუ როგორც სპექტაკლს შევხედავთ და ვიტყვით, რომ ეს არის მინიმალისტური ხერხებით, მოძრაობებით და სცენოგრაფიით გადაწყვეტილი წარმოდგენა, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ მეტყველმა მინიმალიზმა უნდა დაბადოს გარკვეული ემოციები და შთაბეჭდილებები, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მწირ სარეჟისორო ხელწერასთან გვაქვს, და არაფერი აქვს საერთო მინიმალისტურ ხელოვნებასთან. მაგალითად გავიხსენოთ იაპონური მხატვრობა და პოეზია. საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ფერების მინიმალურმა სინთეზირებამ ან რამდენიმე სტროფიანმა ლექსმა დამთვალიერებელზე ან მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს.

სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ასევე მიმაჩნია ის სივრცე, რომელშიც იგი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო წარმოდგენილი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის (დიდი სცენა) სცენის მასშტაბები არ „ესედაგება“ იმ ქსოვილს, რომლითაც წარმოდგენაა აგებული. ეს იგივე იყო, მხატვარს ორჯერ უფრო დიდ ჩარჩოში ჩაესვა მცირე ფორმატის ტილო.

მაყურებლის წინაშე თითქოსდა, უნდა გაცოცხლდეს ბროდსკისეული მოწყენილობა, რომელიც, სამწუხაროდ, თეატრის სივრცეში იკარგება/იფანტება და „თითებს შუა სილასავით იპარება.“


უკან დაბრუნება