Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/geotheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი


24-12-2018, 12:23

„დივადელნა ნიტრა“ სლოვაკეთის ყველაზე დიდი თეატრალური ფესტივალია, რომელიც წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვის მიწურულს ტარდება, წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა.

 

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და შემეცნებითია არა მხოლოდ თეატრის მაყურებლისთვის, არამედ ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. მთავარი პროგრამის პარალელურად, იგი სთავაზობს მაყურებელს მდიდარ თანმხლებ და სამუშაო პროგრამას, სივრცეს უთმობს ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს და ხელს უწყობს რეგიონული კულტურული ღონისძიებების წარდგენას, ფოკუსირებულია არატრადიციული და ინოვაციური თეატრალური ფორმების აღმოჩენაზე, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც ახალი ტენდენციებისა და სახელების გაცნობაა ადგილობრივი მაყურებლისთვის.

ნიტრას ფესტივალი არ ატარებს საკონკურსო ხასიათს და ორიენტირებულია თეატრალური /არა მხოლოდ/  კულტურისა და მაყურებლის განვითარებაზე, მისთვის სამიზნე ჯგუფს უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდები წარმოადგენენ დარგის პროფესიონალებთან ერთად, როგორებიც არიან: თეატრმცოდნეები, პუბლიცისტები, ფესტივალების დირექტორები და სხვ. ფესტივალი ამ მხრივ ბევრს მუშაობს, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ თეატრალურ ფესტივალებზე, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონში. სწორედ ამიტომ, ქართული ფესტივალები თავისი ხასიათით უფრო და უფრო ემსგავსებიან უცხოური სპექტაკლების ჩვენებებს, ვიდრე ფესტივალებს.  

„დივადელნა ნიტრა“-ს საფესტივალო პროგრამა ყოველწლიურად გარკვეული თემის ირგვლივ ერთიანდება. წელს ფესტივალის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ისტორიასა და წარსულს დაბრუნებოდნენ, გარკვეული სახით აღქმული/განცდილი ფენომენი ახლებურად გაეაზრებინათ და სრულიად შეეცვალათ თავიანთი დამოკიდებულება მათ მიმართ. თემად აიღეს პრეფიქსი RE-კვლავ /რეტროსპექტივა, რეფლექსია, რემინისცენცია/ და ამ კონტექსტში მოათავსეს ფესტივალის მთელი პროგრამა. 

ანდრეი ბაგარის თეატრში[1] ფესტივალი გახსნა პოლონურმა თეატრალურმა კომპანიამ TR Warszawa სპექტაკლით „ჩემი ბრძოლა“ https://www.youtube.com/watch?v=xwJf3lYZFds , რომელიც პოლონეთში სეზონის ყველაზე გახმაურებული დადგმა იყო. ახალგაზრდა რეჟისორის მიხაილ ბორჩუხის ყურადღება მიიქცია ნორვეგიელი ავტორის - კარლ უვე კნაუსგორის 6 ტომიანმა ავტობიოგრაფიულმა რომანმა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლიტერატურულ სენსაციას. „ეს იყო კრიზისი. უბრალოდ იდეაც კი მოგონილ პერსონაჟებსა თუ ამბავზე, მუცელს მატკიებდა“ - გვეუბნება რომანის ავტორი. კნაუსგორი ეძებდა მეთოდს, რისი საშუალებითაც აღწერდა რეალობას იმდენად გულწრფელად რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. რომანის მთავარი მოქმედი პერსონაჟი თავად ავტორი გახლავთ, საკუთარი სახელითა და ცხოვრებისეული გამოცდილებებით. 3500 გვერდზე ჩვენ ვკითხულობთ მის ცხოვრებისეულ ბრძოლას. იგი დეტალურად აღწერს თავისი ცხოვრების ყველაზე ბანალურ და ინტიმურ საქმიანობებს, როგორიც არის სახლის დალაგება, საყიდლებზე წასვლა, ტელეფონზე საუბარი თუ სხვა. ამ დროს მკითხველი თითქმის ფიზიკურად იმყოფება ავტორის გვერდით და მასთან ერთად გადის მის უკვე განვლილ ცხოვრებას და იზიარებს ავტორის სურვილს გაექცეს ყოველდღიურობას. მკითხველის ფიზიკური ჩართულობა ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, თითქოს თანამედროვე მაყურებლისთვის მოსახერხებელიც არის ამგვარი ლიტერატურის კითხვა, ისიც ხომ ხშირად ცდილობს თავისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებას სხვადასხვა სივრცეებში,  იქნება ეს ინტერნეტი, მედია თუ სხვა.RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

კნაუსგორის ანტი-ლიტერატურული ან უკეთ რომ ვთქვათ სიზიფესეული მცდელობა დასაწყისშივე დამარცხებისთვის  არის განწირული, თუმცა ავტორმა ეს იცის. ის ფაქტი, რომ ავტორმა ყველა პერსონაჟი თავიანთი ნამდვილი სახელებითა და გვარებით გამოიყვანა რომანში ერთგვარ სოციალურ ექსპერიმენტს ემსგავსება. თუ თქვენ ამ სახელებს გუგლში მოძებნით, მათი რეალური ფოტოების ნახვაც კი შეგეძლებათ. კნაუსგორის თვითდესტრუქციულ ექსპერიმენტს ლიტერატურული კარიერისა და დიდებისთვის მსხვერპლად შეეწირა მისი პირადი და ოჯახური ურთიერთობები.

გასაკვირი არ არის, რომ „ჩემმა ბრძოლამ“ ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორის ყურადღება მიიქცია, რომელიც სისტემატიურად მუშაობს თანამედროვე ტექსტებზე, ცდილობს გასცდეს დრამატული კონვენციების საზღვრებს და შემოგვთავაზოს თეატრალურობის ახალი განსაზღვრება. სპექტაკლის შემდეგ საჯარო განხილვაზე რეჟისორმა აღნიშნა, რომ იგი აღარ არის დაინტერესებული გამოგონილი პერსონაჟებით, მაგალითად როგორიც არის ანა კარენინა. „მე არ მაინტერესებს მსახიობი, რომელიც გამოგონილ პერსონაჟს თამაშობს და დირექტივებს რეჟისორისგან იღებს, მე აღარასდროს დავუბრუნდები შექსპირს. ეს ჩემი თეატრი არ არის“  - ამბობს იგი.

ტექსტის ადაპტაცია და სასცენო ვერსიის შექმნა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იყო რეჟისორისთვის. სპექტაკლში ჩვენ სუფთა ნარატივი არ გვაქვს. სცენაზე მოცემულია ვირტუალური რეალობა იმიჯებით, საგნებით, პროექციით, სადაც უწყვეტ ნაკადად მოედინება ტექსტი, რომლის წაკითხვას/აღქმას მაყურებელი ბოლომდე ვერ ასწრებს, თუმცა ეს სავალდებულო არც არის. ამბავი დღევანდელ მაყურებელს აღარ აინტერესებს და რეჟისორმა ეს კარგად იცის. რეალობის აღქმა სხვა პერსპექტივიდან, აი რა არის მისი მთავარი ამოცანა. მსახიობები სცენაზე იმდენად ავთენტურები არიან რამდენადაც ეს შესაძლებელია. მიკროფონები რომლებსაც ისინი იყენებენ, ხელს უწყობს ამას და აგრეთვე ინტიმურობის განცდის შენარჩუნებას სცენაზე. შენ, როგორც მაყურებელი ირჩევ თუ რომელ მოქმედებას მიადევნო თვალი, რადგან სცენაზე ერთდროულად ბევრი ამბავი ხდება, ფიზიკურად, ვერბალურად და ვიდეო პროექციის საშუალებით. ბევრმა კრიტიკოსმა ეს შეაფასა როგორც ტექსტობრივი ძალადობა მაყურებელზე. თუმცა, ვფიქრობ ჩვენს ყოველდღიურობაში გაცილებით მეტი ინფორმაციისა თუ იმიჯების ნაკადთან გვიწევს გამკლავება და ამას ვერც თეატრში უგულვებელვყობთ.

ვერ ვიტყვი, რომ 4 საათიან წარმოდგენაში რეჟისორმა წარმატებით შეძლო მთელი სისრულით გადმოეცა ორიგინალური ტექსტის და, პირველ რიგში, საკუთარი იდეა თეატრზე, როგორც პერფორმანსზე/ჰეფენინგზე, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტები თეატრში სასიცოცხლოდ აუცილებელია და ვისურვებდი უფრო ხშირად ახალი ტექსტებისა და მათი გამომსახველობითი ფორმების ძიების ტენდენციის ხილვას ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებშიც.

ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლებიდან უმეტესობა დოკუმენტური ჟანრის იყო. თეატრის ისტორიიდან ჩვენ არ გვაქვს ერთი განსაზღვრული თარიღი, საიდანაც დოკუმენტური თეატრის ათვლას ვიწყებთ, თუმცა იგი უკვე არსებობის 100 წელზე მეტ ხანს ითვლის. გერმანიაში ერთ-ერთი პირველი ვინც ამ ჟანრში დაიწყო მუშაობა ერვინ პისკატორია, რომელიც აგრეთვე გვევლინება პოლიტიკური და ეპიკური თეატრის პირველ წარმომადგენლად. დოკუმენტური თეატრის ჩამოყალიბებაზე კი დიდი გავლენა იქონია პირველმა მსოფლიო ომმა და მისმა შემდგომმა პერიოდმა.  დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს ჟანრი ისევ აქტუალურია.

რაბი მრუე გახლავთ ლიბანური წარმოშობის რეჟისორი, მსახიობი და პერფორმერი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს დოკუმენტური თეატრის ჟანრში. ფესტივალზე წარმოდგენილი მისი ორი ნამუშევარი ფორმისა და შინაარსის მხრივ ძალიან საინტერესო იყო. პირველი წარმოდგენა რაც ვნახეთ „ქვიშა თვალებში“ იყო ლექცია-პერფორმანსი https://www.youtube.com/watch?v=s7PQ2f7-twc , როგორც თავად ავტორი უწოდებდა მას. RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დახვეწილი იუმორით იგი გვესაუბრებოდა ომზე, სიკვდილზე და მედიის მანიპულაციაზე. ამ ყველაფერს ნამდვილად ლექციის ფორმა ჰქონდა - სლაიდებით გადმოცემული ამბავი ომზე გვიყვებოდა, რომელიც ჩვენს დროში, ჩვენს გვერდით და ზოგჯერ ჩვენი თანამონაწილეობით ხდება. მეტაფორა ქვიშა თვალებში ეხმიანება თანამედროვე ადამიანის სიბრმავეს და უუნარობას მკაფიოდ დაინახოს სიმართლე, სხვა რეალობა და არა ის, რისი ჩვენებაც მედიას უნდა. მრუეს კონცეპტუალური ნამუშევრები არის დოკუმენტური მასალებისა და შეთხზული ამბების ნაზავი. ხშირ შემთხვევაში იგი ფაქტობრივ ისტორიულ მოვლენებს და მოგონილ ამბებს ერთმანეთში ურევს, რის გამოც მაყურებელს უჭირს მკაფიოდ გაარჩიოს სად „თამაშობს“ იგი და სად გვიყვება ნამდვილ ამბავს. პერფორმანსში „ქვიშა თვალებში“ მას გამოყენებული აქვს დოკუმენტური ფილმები და პროპაგანდისტული ფიქტიური მასალა, იმისთვის რომ გვაჩვენოს სხვადასხვა სახის ძალადობა. მრუე ეხება თანამედროვეობისთვის ყველაზე საშიშ პრობლემას ტერორიზმს და გვაჩვენებს ტერორისტული დაჯგუფების - „აისისი“-ს ვიდეოებს, შემდეგ კი ჩვენ ვხედავთ კოსმოსიდან გადაღებულ მკვლელობას დრონებით, როდესაც დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოები ხოცავენ უდანაშაულო მოსახლეობას. იგი სვამს კითხვას თუ რატომ არის საზოგადოება უფრო შემწყნარებელი ამ უკანასკნელის მიმართ?

რა სახის კვალს დავტოვებთ ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში მას შემდეგ რაც გარდავიცვლებით? რაბი მრუე მის შემდეგ ინსტალაციაში „33 ბრუნი წუთში და კიდევ რამდენიმე წამი“ https://www.youtube.com/watch?v=a1jQHmXbQJs რეკონსტრუირებას უკეთებს ლიბანელი მემარცხენე ფრთის აქტივისტის ცხოვრების ბოლო მომენტებს და მაყურებელს აჩვენებს მოვლენათა განვითარების მთელ რიგს მისი ციფრულ სამყაროში გაუჩინარების შემდგომ.RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმოდგენილ ინსტალაციაში მაყურებელი ამბავს მსახიობების სცენაზე ფიზიკური ყოფნის გარეშე მიყვებიან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით - სმარტფონები, სოციალური მედია, ტელევიზორი. სცენაზე ჩვენ ვხედავთ ორ სკამს, მაგიდას, ტელევიზორს, კომპიუტერს სადაც ფეისბუქია ჩართული და ორ ტელეფონს. გარდაცვალების შემდგომ მთავარი გმირი ისევ აგრძელებს არსებობას კიბერ რეალობაში და სცენაზე წარმოდგენილი ყველა ტექნიკა საუბრობს მასზე, თუმცა ვერც ერთი ადგენს სიმართლეს მისი სიკვდილის შესახებ. მრუე გვაჩვენებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ორ მხარეს, ერთი რომ მას შეუძლია, ერთის მხრივ, რეალურად ასახოს მოვლენები და მეორე - მას შეუძლია რეალობით მანიპულირება. თეატრში წარმოდგენილი ინსტალაციის ფორმა მსახიობების ფიზიკური მონაწილეობის გარეშე სრულიად ცვლის ჩვენს აღქმას თანამედროვე თეატრის საზღვრებზე. დღეს რეჟისორს, პერფორმერს შეუძლია წარმატებით გვიამბოს ამბავი, გვესაუბროს პრობლემაზე, დასვას კითხვები მსახიობების ფიზიკური არყოფნით სცენაზე. აქედან გამომდინარე, თეატრმა უნდა გამოიყენეს ციფრული ტექნოლოგიები, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნები ან სულ მცირე დააინტერესოს იგი.

მაყურებლის აქტიურ ფიზიკურ ჩართულობას მოითხოვდა შემდეგი წარმოდგენა, პორტუგალიელი რეჟისორის, ქორეოგრაფის, სცენოგრაფისა და პერფორმერის ანდრე ბრაგას შთამბეჭდავი ნამუშევარი - „ღამე“ https://www.youtube.com/watch?v=3dS7XNM76Eg . სპექტაკლის ნარატივად აღებული იყო პორტუგალიელი ნეორეალისტი პოეტის ალ ბერტოს ტექსტი, რომელიც, თავის მხრივ, შთაგონებული იყო ბიბლიური ტექსტით, კერძოდ კი გენეზისით, როდესაც ღმერთმა დღე და ღამე ერთმანეთისგან გაყო: როდესაც დედამიწა იყო უფორმო და ბნელი და ღმერთმა თქვა: „დაე, იყოს ნათელი!“ პორტუგალიელმა ხელოვანებმა კიდევ უფრო განავითარეს და დახვეწეს ბიბლიური თემა. სპექტაკლიც სიბნელით იწყება, სამი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში მყოფი მსახიობი ქაოსიდან ქმნიან წესრიგს, რეჟისორს ამისთვის გამოყენებული აქვს მანქანის საბურავები, ხოლო მათი სცენაზე გადაადგილება და თამაში საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს მათგან. ამ ამოცანას ისინი ადვილად უმკლავდებიან. RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიღამის მეტაფორა ძლიერი პოეტური სახეა ადამიანის სურვილების - ცნობიერისა თუ არაცნობიერის, ადამიანის, რომელსაც არ შეუძლია და არ სურს შეუერთდეს მომხმარებლურ სამყაროს და ზედაპირულ აზროვებას. ამიტომ იგი ღამეში დარჩენას არჩევს და ქმნის საკუთარ სინათლეს, საკუთარ რეალობას. სპექტაკლში გამოყენებულია ელექრონული მუსიკა, დიჯეი თავისი აპარატურით ცოცხლად ქმნის სცენაზე  კომპოზიციებს და ამით ღამის კლუბური, თავისუფალი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. წარმოდგენა საკმაოდ პოეტურია თავისი გამომსახველობით, განათებით, ფერებით, მსახიობების ველურობამდე მისული ენერგიითა და თანაბრად დინამიური მუსიკით. წარმოდგენის ბოლოს ისინი მაყურებლებსაც ითრევენ საყოველთაო თავისუფლების როკვაში ელექრო მუსიკის ფონზე. წარმოდგენის გულში, რომელიც არც მთლად ფიზიკური ან ცეკვის თეატრია, დევს ტრანსდისციპლინარულობის კონცეფცია - ინტენსიური დიალოგი თეატრსა და ცეკვას შორის, ხელოვნების სხვა ფორმების გამორჩეული ჩართულობით, როგორებიც არის პოეზია, სახვითი ხელოვნება, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება.

ფესტივალის მთავარ პროგრამაში უცხოურ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იყო სლოვაკური სპექტაკლებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი სპექტაკლების უმრავლესობა იყო ძალიან სუსტი. რეჟისორების უმრავლესობა ტრადიციულ თეატრალურ გამომსახველობით ფორმებს იყენებდა, ყველა წარმოდგენა ტექსტსა და დრამატურგიაზე იყო დაფუძნებული და XIX-XX საუკუნის თეატრს მოგვაგონებდა სცენაზე ხმამაღალი, დეკლამირებული მეტყველებით, ერთი ვარსკვლავი მსახიობით და სხვ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მარიან ამსლერის სპექტაკლი „ადამიანები, ადგილები და ნივთები“ https://www.youtube.com/watch?v=g5DD7HZX_d0 . მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბრიტანელი ავტორის დუნკან მაკმილანის ეს პიესა ნომინირებული იყო ლოურენს ოლივიეს ჯილდოზე როგორც წლის საუკეთესო პიესა და მისი მსოფლიო პრემიერა შედგა ლონდონის ნაციონალურ თეატრში, სლოვაკი რეჟისორის ინტერპრეტაციაში იგი საკმაოდ ძველმოდურად გამოიყურებოდა.

ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა თეატრის მკვლევრისთვის, ფესტივალის ყველაზე საინტერესო ნაწილი გახლდათ შემოქმედებითი პლატფორმა თეატრის კრიტიკოსებისთვის. პროექტი ფესტივალის ინიციატვით 2015 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც თეატრზე კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება და განვითარებაა. პროგრამა საშუალებას აძლევს შერჩეული კრიტიკოსების ჯგუფს, უმეტესად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, დაესწრონ სპექტაკლებს და შემდგომ ჯგუფის მენტორთან ერთად ანალიტიკურად განიხილონ ისინი. პროგრამის შექმნის დღიდან რეზიდენტურის ხელმძღვანელი მსოფლიოში ცნობილი ფრანგი თეატრის მკვლევარი და სემიოტიკოსი პატრის პავი გახლავთ, რომლის მენტორობითაც 10 დღის განმავლობაში განვიხილავდით ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს, რამაც თავისთავად პროფესიული განვითარების დიდი შესაძლებლობა მოგვცა.

ამის პარალელურად ფესტივალი ზრუნავს მომავალ თაობაზეც. მთავარ პროგრამასთან ერთად ყოველდღიურად ღია სივრცესა თუ თეატრში მცირეწლოვანი ბავშვებისთვის იმართებოდა წარმოდგენები. „როგორ გავიგოთ თეატრი“ - პროგრამა, რომელიც მთელ წელზეა გაწერილი ასევე ფესტივალის ინიციატივაა 2008 წლიდან, რაც გულისხმობს არაფორმალურ განათლებას თეატრზე სკოლებსა და უნივერსიტეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაყურებლის განვითარებაზე, ზემოთხსენებული აქტივობები სწორედ ის აუცილებელი კომპონენტებია, რომელებზეც ფესტივალმა უნდა იზრუნოს. ამ ყველაფრის ფონზე მინდა გითხრათ, რომ ფესტივალის ბიუჯეტი არც ისე დიდია და მისი შემქმნელები ყოველწლიურად უდიდეს ძალისხმევას დებენ თანხების მოძიებაში. მიუხედავად ამისა, საქმე, რომელსაც ისინი ემსახურებიან პირდაპირ პასუხობს ფესტივალის იდეას და კონცეფციას - იმუშავონ მაყურებელზე, აღზარდონ იგი და დაეხმარონ დარგის განვითარებას.

 

პ.ს. ნიტრას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „დივადელნა ნიტრა“ ფლობს ევროპული ფესტივალების მიერ ინიცირებული პროგრამის - „ევროპა ფესტივალებისთვის, ფესტივალები ევროპისთვის“ ხარისხის ნიშანს, რაც გულისხმობს მათ საერთაშორისო აღიარებას. საქართველო ამ პროცესში ოფიციალურად 2017 წლიდან ჩაერთო. 2017/2018 წლის კონკურსში საქართველოს 4-მა ფესტივალმა მიიღო ევროპის ფესტივალების ხარისხის ნიშანი. 2019/2020 წლის პროგრამა ნოემბრის თვიდან უკვე ღიაა ახალი განაცხადების მიღებაზე https://www.festivalfinder.eu/ და ვიმედოვნებთ, ამჯერად საქართველოდან გაცილებით მეტი ფესტივალი წარადგენს თავს ხარისხის ნიშნის მისაღებად, რადგანაც ეს არის მათი ევროპული/საერთაშორისო აღიარება ევროპის ფესტივალების ასოციაციის, ევრო კომისიისა და ევროპის პარლამენტის მიერ.  

 

 

 


[1] ანდრეი ბაგარი - სლოვაკი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი. 1979 წლიდან მის სახელს ატარებს სლოვაკეთში ყველაზე დიდი და თანამედროვე თეატრის შენობა ნიტრაში.


უკან დაბრუნება